ჰიდროცეფალია

 

რა არის ჰიდროცეფალია?

ჰიდროცეფალია ანუ წყალმანკი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ახალშობილის თავის ქალას სუბარაქნოიდულ (რბილი გარსის) სივრცეში 20-25 მლ სითხე აქვს, ხოლო ზურგის ტვინის რბილი გარსის სივრცეში - 40-45 მლ. ჰიდროცეფალიის დროს ლიქვორის რაოდენობა 1-2 ლიტრამდე მატულობს, მძიმე შემთხვევაში ლიქვორის რაოდენობამ შეიძლება 10 ლიტრის ოდენობასაც მიაღწიოს.

 

ჰიდროცეფალიის რა ფორმები არსებობს?

ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ლიქვორის მატება რამდენიმე მიზეზის გამო ხდება, რის გამოც განასხვავებენ ჰიდროცეფალიის სხვადასხვა სახეს:

 

  1. ჰიპერსეკრეტორული ჰიდროცეფალია -  ლიქვორის პროდუქციის პროგრესული ზრდა;
  2. ჰიდროცეფალია - ლიქვორის შეწოვის პროცესის დარღვევა.

ამათ გარდა განასხვავებენ ჰიდროცეფალიის ღია და დახურულ ფორმებს:

  • ღია (შემაერთებელი) წყალმანკი ხასიათდება ყველა პარკუჭის გაფართოებით, ლიქვორის მომატებით როგორც პარკუჭებში, ასევე ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში;
  • დახურული (ოკლუზიური) წყალმანკი ხასიათდება ლიქვორის მდინარების მოშლით პარკუჭოვანი სისტემის შიგნით, რის გამოც ხდება ლიქვორული სისტემის ბლოკირება.

თავ-ზურგ-ტვინის სითხის ჭარბი რაოდენობით ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ გარეთა და შიდა წყალმანკს:

  • გარეთა ჰიდროცეფალიის დროს სითხე სუბარაქნოიდულ სივრცეში გროვდება;
  • შიდა ჰიდროცეფალიის დროს სითხის დაგროვება ხდება პარკუჭებში.

ღია წყალმანკი შეიძლება იყოს როგორც გარეთა, ასევე შიდა ლოკალიზაციის. დახურული წყალმანკი კი  მხოლოდ გარეთა ლოკალიზაციისაა.  ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება. ამასთან, ტვინის თეთრი ნივთიერება უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე რუხი.

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ჰიდროცეფალიის მწვავე, ქრონიკულ, კომპენსირებულ, სუბკომპენსირებულ და დეკომპენსირებულ ფორმებს.

კომპენსირებული  წყალმანკის დროს მისი კლინიკური გამოვლინება არ ფიქსირდება და ბავშვი ნორმალურად ვითარდება.

 სუბკომპენსირებული წყალმანკის დროს ნაწილობრივი კომპენსაციის გამო კლინიკური ნიშნები იოლად და ზომიერადაა გამოხატული;

დეკომპენსაციის შემთხვევა ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ნიშნებით და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

შეძენილი ჰიდროცეფალიის დროს ადგილი არა აქვს მოცულობის  ზრდას, ან დეფორმაციას. ამასთან რაც უფრო ნაკლებადაა შეცვლილი თავის ქალას ფორმა და მოცულობა, მით უფრო ძლიერია  როგორც ჰიპერტენზიის ხარისხი (ქალას შიდა წნევა), ისე მისი კლინიკური სიმპტომების ინტენსივობა - თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა. წყალმანკის ამ ფორმას არ ახასიათებს ფიზიკური განვითარების პრობლემები.

შეძენილი წყალმანკის ფორმები თანდაყოლილი წყალმანკის ფორმების მსგავსია და ამ შემთხვევაშიც განასხვავებენ წყალმანკის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. შეძენილი წყალმანკის შემთხვევაში მწვავე პერიოდი ზოგჯერ უკუგანვითარებას განიცდის, ზოგჯერ კი ქრონიკულში გადადის და სტაბილურ ხასიათს ღებულობს; ასეთი შემთხვევები ხშირია ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ.

 რა ახასიათებს ჰიდროცეფალიას?

თანდაყოლილ ჰიდროცეფალიას ახასიათებს ტვინის ქალის ზომების ზრდა და ფორმის შეცვლა. ხშირად, თავის ქალას ზომა უკვე დაბადების პერიოდისთვისაა გაზრდილი, რაც ამძიმებს მშობიარობის პროცესს. ასეთ დროს ახალშობილის თავის ქალას  გარშემოწერილობა 34- სმ -ის ნაცვლად 50-70 სმ-ია, ზოგჯერ კი 100 სმ -ისაც აღწევს.

როდესაც თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვი თავის ქალას ნორმალური ზომით იბადება, ხდება ქალას ნაკერების დაცილება და იზრდება ყიფლიბანდის ზომები, მატულობს ქალასშიდა წნევა და ნევროლოგიური სიმპტომები; იცვლება ბავშვის თავის ფორმა: განსაკუთრებით გამობურცული და გაფართოებულია შუბლისა და თხემის მიდამოები. თავის ქალას დიდ ზომებთან შედარებით კონტრასტულადაა გამოხატული ბავშვის პატარა სახე, რომლესაც სამკუთხედის ფორმა აქვს. სისხლძარღვოვანი ქსელი კარგადაა გამოხატული საფეთქლის, შუბლისა და ქუთუთოების მიდამოში. ნევროლოგიური სიმპტომატიკის მრავალფეროვნება დამოკიდებულია ჰიდროცეფალიის გამოვლენის ხარისხზე.

დახურული (ოკლუზიური) ჰიდროცეფალიისათვის დამახასიათებელია შეტევითი, ძლიერი თავის ტკივილი, პირღებინება, თავის იძულებითი მდებარეობა, ვეგეტატური მოშლილობები. წყალმანკის მქონე ბავშვები თავს მოგვიანებით იჭერენ, გვიან ჯდებიან, დგებიან და იწყებენ სიარულს. სიმძიმის გამო თავი ჩამოკიდული აქვთ, ტანი კი მოხრილი.

ჰიდროცეფალია არ ნიშნავს მხოლოდ თავის დიდ ზომას. ზოგჯერ თავის დიდი მოცულობა ჰიდროცეფალიის გარეშე გვხვდება და ოჯახისათვის დამახასიათებელი მემკვიდრული ნიშანია. ამიტომ ჰიდროცეფალიის არსებობა უნდა დადასტურდეს კლინიკური გამოკვლევებით. ითვლება, რომ თუ თავის გარშემოწერილობა 10 სმ-ზე მეტად არ აღემატება ნორმას, დროული მკურნალობის შემთხვევაში ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ბავშვებს პრობლემები არ ექმნებათ.

ზომიერი და ძლიერი ჰიდროცეფალიის არსებობისას ბავშვებს აღენიშნებათ ფსიქიკური განვითარების შენელება ან შეფერხება, გვიანდება მეტყველების განვითარება, ზოგ შემთხვევაში კი ვითარდება სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, არაჩვეულებრივი მექანიკური მეხსიერება აქვთ. აღენიშნებათ არასტაბილური ემოციური სფერო და გამოირჩევიან მაღალი შთაგონებადობით.

კომპენსირებული ჰიდროცეფალიის დროს ბავშვი კარგად და უპრობლემოდ ვითარდება.

 

რა არის თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის მიზეზი?

ჰიდროცეფალია, ხშირად, მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის სხვადასხვა სახის დაზიანების მიზეზით ვითარდება. ამ მიზეზებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა: ორსულობისას დედის ინფექციური დაავადებები: ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, ვირუსული ინფექციები, რომლებიც, შეიძლება, იოლი ფორმებით მიმდინარეობდეს. ამ პათოლოგიების ფონზე ხშირია ნერვული ლულის განვითარების დეფექტები, რის შედეგადაც ირღვევა პარკუჭოვანი სისტემისა და სუბარაქნოიდული სივრცის ურთიერთკავშირი; ზემოაღნიშნულ პათოლოგიებს განსაკუთრებით მავნე ზემოქმედების უნარი გააჩნია მუცლადყოფნის პერიოდის პირველ ტრიმესტრში, როდესაც ყველაზე აქტიურად  ყალიბდება ნაყოფის ნერვული სისტემა; თუმცა, დედის ფეხმძიმობის მეორე ნახევარში გადატანილმა დაავადებებმა. ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს ნაყოფის სხვადასხვა სახის დარღვევები. თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის შემთხვევათა 30%-ის მიზეზია თავის ტვინის სილვიის წყალსადენის თანდაყოლილი შევიწროება, 4%-ში კი ვლინდება მაჟანდისა და ლუშკას ხვრელების განვითარების დეფექტები.

 

რა სიხშირით გვხვდება ჰიდროცეფალია?

ყოველი 1000 ახალშობილიდან 1-4-ს აღენიშნება ჰიდროცეფალია, რომელიც ერთნაირი სიხშირით გვხვდება გოგონებსა და ბიჭებში.

 

რა არის ჰიდროცეფალიის ძირითადი პრობლემა?

დეკომპენსირებული და სუბკომპენსირებული ჰიდროცეფალიის შემთხვევაში  დროული მკურნალობა უნდა წარიმართოს გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით. მკურნალობა განსაკუთრებით აუცილებელია პროგრესირებადი ჰიდროცეფალიის შემთხვევაში, რადგან მკურნალობის გარეშე დარჩენილ ბავშვს, შეიძლება, სიცოცხლის საფრთხე შეექმნას ნევროლოგიური სიმპტომების გართულების, ტვინის ნივთიერების დაზიანების, ქალასშიდა წნევის ძლიერი მომატებისა და ტვინის შეშუპების მიზეზით.

ზომიერად გამოხატული ჰიდროცეფალიის შემთხვევაში ძირითად  პრობლემას წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკური განვითარების _ მეტყველების, მხედველობით-სივრცითი ფუნქციების, სენსო-მოტორული ფუნქციების განვითარების შეფერხება. ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვს, შეიძლება, სწავლის პრობლემები ჰქონდეს.

 

შეიძლება თუ არა ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვის დახმარება?

პირველ რიგში, აუცილებელია სამედიცინო დახმარება. შემდეგში, თუკი ბავშვს პრობლემები აქვს განვითარებასა და სწავლაში, საჭიროა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური დახმარება. აუცილებელია, ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სასწავლო პროგრამის შემუშავება. უფრო იოლ შემთხვევაში საკმარისია დღის რეჟიმის სწორი დაცვა, რადგან ასეთი ბავშვები სწრაფად იფიტებიან; სასწავლო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას საჭიროა ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინება.

 

ინკურნება თუ არა ჰიდროცეფალია?

კომპენსირებულ ჰიდროცეფალიას არ ესაჭიროება მკურნალობა, საკმარისია მხოლოდ პერიოდული სამედიცინო კონტროლი.

ჰიდროცეფალიას ხარისხისა და ფორმის მიხედვით მკურნალობენ მედიკამენტებით ან ქირურგიული წესით (შუნტირებით).

იოლი და ზომიერი ჰიდროცეფალიის შემთხვევაში დადებითი დინამიკისათვის საკმარისია მედიკამენტური მკურნალობა და ექიმის პერიოდული კონტროლი.

მძიმე ჰიდროცეფალიის, ან ისეთი წყალმანკის დროს, რომელსაც არა აქვს დადებითი დინამიკა და მკურნალობის მიუხედავად მაინც პროგრესირებს, აუცილებელია, ქირურგიული ოპერაცია და შუნტირება. ოპერაციული ჩარევა განსაკუთრებით წარმატებულია ჰიდროცეფალიის დახურული ფორმების დროს, როდესაც ხდება პარკუჭებს ან პარკუჭებსა და სუბარაქნოიდულ სივრცეს შორის არსებული კომუნიკაციის დეფექტის მოცილება. წყალმანკის ღია ფორმის შემთხვევაში მიზანშეწონილია შუნტირება _ ლიქვორის პროდუქციის მუდმივი გამოტანა გარეთ, სპეციალური მილის საშუალებით. დროული ოპერაციის შედეგად ლიქვორის დინამიკა რეგულირდება და ბავშვის თავის ტვინს განვითარებისათვის ნორმალური პირობები ექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შემდეგ ტვინის ნივთიერებას დაზიანება აღარ ემუქრება და ბავშვი ნორმალურად ვითარდება, მას ესაჭიროება პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა და მეთვალყურეობა.  მკურნალობის შედეგად ხდება ან სრული განკურნება, ან მდგომარეობის სტაბილიზაცია.

 

 

ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები 

  თამარ გაგოშიძე 2007წ