გამოყოფის სისტემის დარღვევები

 

გამოყოფის სისტემის დარღვევების განსაზღვრება და დიაგნოსტიკა

 

გამოყოფის სისტემის კონტროლის სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში. ტუალეტის ჩვევების სწავლებას ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის, როგორც დამოუკიდებლად სიარულის,  ჭამისა და მეტყველების სწავლებას. ბავშვების უმრავლესობა გართულებების გარეშე სწავლობს შარდის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის კონტროლს.  ამ სფეროში მნიშვნელოვანი სირთულეები შეიძლება დაკავშირებული იყოს   ფსიქოლოგიურ და სხვა ფაქტორებთან.

განასხვავებენ გამოყოფის სისტემის ორ დარღვევას (დიაგნოსტიკური  და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-4 გადასინჯული გამოცემის  (DSM-IV-TR) მიხედვით): 

  • ენურეზი (შარდის ბუშტის განმეორებითი დაცლა ტანსაცმელში, საწოლში ან სხვა შეუსატყვის ადგილას).
  •  ენკოპრეზი (კუჭ-ნაწლავის დაცლა ტანსაცმელში ან სხვა შეუსატყვის ადგილას).

აღნიშნული დარღვევები არის არა გამოყოფის სისტემის ბიოლოგიური ფუნქციის დარღვევა, არამედ ამ ფუნქციის კონტროლის დარღვევა, რომელიც   შეუსაბამოა ბავშვის ასაკთან.

ენურეზი

                                      

ენურეზი არის შარდის ბუშტის დაცლა უდროო დროს და შეუსატყვის ადგილას, იმ ასაკში, როცა ბავშვების უმრავლესობას შეუძლია შარდის ბუშტის გაკონტროლება. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით ენურეზის დიაგნოზის დასმა არ ხდება 5 წლის ასაკამდე.

 

ენურეზის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები (დიაგნოსტიკური  და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-4 გადასინჯული გამოცემის  (DSM-IV-TR) მიხედვით) შემდეგია:

-         ბავშვი შარდის ბუშტის დაცლას ახდენს შეუსატყვის ადგილებში (ნებით ან უნებლიედ)

-         ენურეზის შემთხვევები ბავშვს უნდა აღენიშნებოდეს  მინიმუმ კვირაში ორჯერ 3 თვის განმავლობაში

-         ბავშვი უნდა იყოს 5 წლის ან მეტის

-         ადგილი არ აქვს  ფიზიოლოგიურ დეფექტს და ზოგად სამედიცინო პრობლემას (დიაბეტი, სპინა ბიფიდა).

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით გამოიყოფა ენურეზის შემდეგი ფორმები: 1. ღამის ენურეზი - შარდის გამოყოფა ხდება ძილის დროს; 2. დღის ენურეზი - შარდის გამოყოფა ხდება დღის განმავლობაში და უფრო მეტად ახასიათებთ გოგოებს, ვიდრე ბიჭებს. დღის ენურეზი 9 წლის შემდეგ ქრება,; 3. დღის და ღამის ენურეზი ერთდროულად. ასევე გამოყოფენ პირველად და მეორად ენურეზს. პირველადი ენურეზი მიმდინარეობს დაბადებიდან მშრალი პერიოდების გარეშე. ამ შემთხვევაში ბავშვს არასდროს ჰქონია ნასწავლი  შარდის ბუშტის კონტროლი. მეორადი ენურეზის დროს მშრალი პერიოდი სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მაინც უნდა არსებობდეს. ენურეზის პრობლემის მქონე ბავშვების 80%-ს აღენიშნება პირველადი ენურეზი, ხოლო  20% -ს მეორადი ენურეზი.  ასევე გამოყოფენ  დღის და ღამის, მიზანმიმართულ და უნებლიე ენურეზს.

 

სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ენურეზის მქონე ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი  ასაკობრივი თვალსაზრისით შემდეგნაირად ნაწილდება: ეს პრობლემა 5 წლის ასაკის ბავშვების 15-20% აქვს, ათწლიანებში ეს მაჩვენებელი 5%-ს აღწევს, ხოლო 12-14 წლიანებში 2%-ს.  ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბიჭებთან ენურეზის პრობლემა 2-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებთან.

 

ენურეზის  შენარჩუნებას შეიძლება ხელი შეუწყოს შემდეგმა ფაქტორებმა: ბავშვის მიერ საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, ენურეზის შემდეგ მშობლის სიბრაზით და მისი მკაცრი მოპყრობით გამოწვეული შფოთვა და ა.შ. ენურეზის შენარჩუნებას შეიძლება იწვევდეს ბიოლოგიური ფაქტორებიც მაგ: შარდის ბუშტის მცირე ფუნქციონალური მოცულობა.

 

 

ენკოპრეზი

ენკოპრეზი გულისხმობს  მოსაქმებას საცვლებში ან ტუალეტისგან განსხვავებულ ადგილას (იატაკზე). ეს ქცევა შეიძლება იყოს გაცნობიერებული და მიზანმიმართული, ან უნებლიე.

 

გამოყოფენ ენკოპრეზის შემდეგ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს (დიაგნოსტიკური  და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-4 გადასინჯული გამოცემის  DSM-IV-ის მიხედვით):

-         განმეორებითი მოსაქმება შეუსატყვის ადგილებში (იატაკი, საწოლი)

-         ენკოპრეზის შემთხვევები ბავშვს უნდა აღენიშნებოდეს თვეში ერთხელ სამი თვის მანძილზე

-         ბავშვის ასაკი 4 წლიდან

-         ენკოპრეზი არ არის დაკავშირებული ფიზიოლოგიურ დეფექტთან და ზოგად სამედიცინო პრობლემებთან, გარდა კუჭის შეკრულობისა.

 

გამოყოფენ ენკოპრეზის შემდეგ ფორმებს: მიზანმიმართული და უნებლიე, პირველადი და მეორადი, დღისა და ღამის.

 

პირველადი ენკოპრეზის დროს ბავშვებს არასდროს უსწავლიათ  კუჭის მოქმედების კონტროლი, მეორადი ენკოპრეზის დროს კი ენკოპრეზი ვითარდება მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის კუჭის მოქმედების კონტროლს. ენკოპრეზის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია დაბალი თვით შეფასება, აქვთ სირცხვილის გრძნობა, მალავენ დასვრილ საცვლებს. იმის შიშით, რომ შეიძლება ჩაისვარონ, ასეთი ბავშვები ერიდებიან მეგობრებთან ერთად ექსკურსიებზე სიარულს და სხვა საზოგადოებრივ აქტივობებს,  რაც შეიძლება გახდეს ასოციალურობის მიზეზი.

 

გამოყოფის სისტემის დარღვევის გამომწვევი მიზეზები

 

ნეიროფიზიოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური თეორიების მიხედვით, გამოყოფის სიტემის გამომწვევ მიზეზებად მიჩნეულია შემდეგი ფაქტორები: ნევროლოგიური დეფექტი და განვითარების ჩამორჩენა, ჰორმონალური რეგულაცია, შარდის ბუშტის მოცულობა, ძილის სიღრმე, აღგზნებადობა და სხვა.

 

ენურეზის პრობლემის მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ ღამის ენურეზის შემთხვევაში ბავშვებს სძინავთ ისეთი ღრმა ძილით, რომ ვერ გრძნობენ როდის ევსებათ შარდის ბუშტი და ასველებენ საწოლს. თუმცა გამოკვლევების მიხედვით, ძილის ფაზებსა და ღამის ენურეზს შორის კავშირი ვერ დგინდება.

 

ზოგიერთი კვლევის მიხედვით ღამის ენურეზის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ანტიდიურეზული  ჰორმონის (შარდის გამოყოფის საწინააღმდეგო ჰორმონი) ნაკლებობა. ეს ჰორმონი ხელს უწყობს ძილის პერიოდში შარდის რაოდენობის შემცირებას. ჯანმრთელ ბავშვებში ამ ჰორმონის მოქმედებით ძილის პერიოდში შარდის ბუშტი წყლით არ ივსება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბავშვები ღამის განმავლობაში ზედმეტ წყალს სვამენ. ენურეზის მქონე ბავშვების შემთხვევაში ანტიდიურეზული ჰორმონის მოქმედება ძილის დროს არასაკმარისია. შარდის ბუშტი ივსება შარდით და თუ ბავშვი დროულად ვერ გაიღვიძებს, შედეგად ვიღებთ სველ საწოლს. ის ფაქტი, რომ ბავშვები ვერ იღვიძებენ მაშინ, როცა შარდის ბუშტი სავსეა და საჭიროა მოშარდვა, შეიძლება აიხსნას ბიოლოგიური ფაქტორებით. შედარებით დიდი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ ძილის დროს იგრძნონ სავსე შარდის ბუშტი, რაც ხელს უწყობს  ნერვული სიგნალის ამოქმედებას შარდის ბუშტიდან ტვინამდე. ამ სიგნალს შეუძლია გამოიწვიოს სიზმარი წყლის შესახებ ან სიზმარი იმაზე თუ როგორ მიდიან ბავშვები ტუალეტში, რის შემდეგადაც ჩვეულებრივ იღვიძებენ ბავშვები. ენურეზის მქონე ბავშვებში ეს სასიგნალო მექანიზმი  შესაბამისად არ არის განვითარებული.

 

ენურეზის გამომწვევ მიზეზად ასევე მიჩნეულია სტრესი ან ბავშვური სიჯიუტე. აქვე განიხილება მემკვიდრეობის ფაქტორიც. იმ ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც აქვთ ენურეზი და რომელთა ორივე მშობელს აღენიშნებოდა ენურეზი, შეადგენს 77%-ს; 44%-ს შეადგენს იმ ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა ერთ მშობელს ჰქონდა ენურეზი; 15%-ია იმ ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა არც ერთ მშობელს არ აღენიშნებოდა ენურეზი.

 

ენკოპრეზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული შეკრულობა. გართულებულ შემთხვევებში კუჭის დაცლის პროცესი ბავშვისთვის არის მტკივნეული პროცესი და ამიტომაც ის თავს არიდებს ტუალეტის გამოყენებას. ეს კი შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა რომ ბავშვს გაუჭირდეს კუჭის დაცლის კონტროლი დღისა და ღამის განმავლობაში, თუმცა ღამის ენკოპრეზი უფრო იშვიათია, ვიდრე დღის. კუჭის შეკრულობით გამოწვეული ენკოპრეზი შემდგომში იწვევს სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებს.

 

ზოგიერთი მკვლევარი ენკოპრეზს აკავშირებს ქრონიკულ დიარეასთან, რომელიც შეიძლება იყოს ორგანული წარმოშობის, ზოგიერთი მკვლევარის მიხედვით კი ენკოპრეზი არის ტუალეტის ჩვევების სწავლების დროს გამოვლენილი სირთულეების შედეგი ან ანალური მასტურბაციის შედეგი.

 

ენკოპრეზი უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგოებში. მიუხედავად იმისა რომ ასაკთან ერთად ენკოპრეზი სუსტდება, მისი სიმპტომები შეიძლება ახალგაზრდობის პერიოდშიც გაგრძელდეს და ქრონიკული გახდეს.

 

ისევე როგორც ენურეზი, ენკოპრეზიც შეიძლება  უკავშირდებოდეს  ფსიქოლოგიურ ტრავმას, სტრესს, ქცევით პრობლემებს და სხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.

 

                           

დახმარების სტრატეგიები

 

ენურეზის მკურნალობის 3 ძირითადი მიდგომა არსებობს:

  1. ფარმაკოლოგიური მკურნალობა, რომელიც გულისხმობს მედიკამენტების გამოყენებას.  მიუხედავად სწრაფი და ეფექტური შედეგისა, ზოგიერთი ექიმი ბავშვისთვის ასეთი მედიკამენტების დანიშვნის წინააღმდეგია.
  2. ფსიქოდინამიური თერაპული მიდგომის მიხედვით სისველე ღრმა ფსიქიკური ტრავმის გამოხატულებაა და მკურნალობაც შესაბამისი კუთხით წარიმართება.
  3.  დღისა და ღამის ენურეზი ყველაზე ეფექტურად იკურნება ქცევითი თერაპიის მოდელით, რომელშიც მონაწილეობს ენურეზის ზარი. ღამის ენურეზის ზარიანი მოწყობილობა შედგება სისველეზე მგრძნობიარე პატარა ფირფიტისაგან, რომელიც თეთრეულის ქვეშ მაგრდება და უერთდება ზარს. თუ ბავშვი საწოლს ასველებს, ზეწრის სინოტივე ელექტრული მუხტის გავლენით ზარის წკრიალს იწვევს და აღვიძებს ბავშვს შარდის გამოყოფის პროცესში. პირობითი განპირობებულობის საფუძველზე ბავშვს პირობითი რეფლექსი ერთდროულად უყალიბდება შარდის ბუშტის სისავსეზე და ზარის ხმაზე, რის შედეგადაც ბავშვი სწავლობს დაუკავშიროს სავსე შარდის ბუშტი გაღვიძებას.

 

ენკოპრეზის მკურნალობა:

 

ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ენკოპრეზის ეფექტური მკურნალობისთვის საჭიროა ერთდროულად სამედიცინო და ფსიქოლოგიური ჩარევა, რადგანაც ენკოპრეზის მკურნალობა, თავის მხრივ, გულისხმობს ქრონიკული შეკრულობის მკურნალობას, ტუალეტის ჩვევების დასწავლა/განმტკიცებასა და ტუალეტში მოსაქმებისთვის საჭირო კუნთების სწორ მოძრაობას. ქრონიკული შეკრულობის შესამცირებლად ბავშვს უნიშნავენ ცილებით მდიდარ დიეტას, საჭიროების შემთხვევაში იყენებენ ოყნასა და სანთლებს. ამგვარი მკურნალობის მიზანია შეამციროს ქრონიკული შეკრულობა და ბავშვს გაუადვილოს კუჭ-ნაწლავის დაცლა. სამედიცინო მკურნალობის პარალელურად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ჩარევაც, რაც გულისხმობს ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბებას და განმტკიცებას ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებზე დაყრდნობით.  ბავშვს აძლევენ ტუალეტში მოსაქმების სტრუქტურირებულ განრიგს და აჯილდოვებენ ტუალეტში მოსაქმების ყოველი შემთხვევის შემდეგ. მაგ: ამ განრიგის მიხედვით ბავშვს დღეში 3-ჯერ უწევს ტუალეტში შესვლა სპეციალურად მისთვის გამოყოფილ დროს. წარმატებული მოსაქმების შემდეგ მას აძლევენ ვარსკვლავს, რომელსაც აკრავს სპეციალურ ცხრილში, ამ ვარსკვლავების გარკვეული რაოდენობის მოგროვების შემდეგ ბავშვს შეუძლია ის გადაცვალოს სასურველ ნივთში. ენკოპრეზის ამგვარი მკურნალობა ეფექტურია და გამოკვლევების მიხედვით ხშირ შემთხვევაში შეინიშნება პროგრესი ბავშვის განვითარების სხვა სფეროებშიც.

 

ტუალეტის ჩვევის შემუშავება

ტუალეტის ჩვევის გამომუშავებას ყველა შემთხვევაში დრო და ძალისხმევა სჭირდება. 

ბავშვის ასაკი, რომლისთვისაც მშობლები ბავშვისთის ტუალეტის ჩვევის შემუშავებას იწყებენ, სხვადასხვაა ყოველი ოჯახისთვის. ამიტომ ქვემოთ მოცემული რჩევები ზოგადი ხასიათისაა.

 

როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში დაახლოებითი ასაკი ტუალეტის ჩვევის გამომუშავების შემდეგია:

 

დაახლოებითი ასაკი  

ტუალეტის უნარ-ჩვევა

10 თვის

ბავშვი გამოხატავს, როდესაც ჩასველებულია

12 თვის

კუჭის მოქმედების რეგულარობა

15 თვის

ბავშვი ზის ქოთანზე ზედამხედველობის ქვეშ (ხანმოკლე დროით)

18-21 თვის

მოშარდვის რეგულარობა

20 თვის

ტუალეტის მოხმარება თანდათან რეგულირდება

22 თვის

ბავშვი ხვდება ტუალეტში წასვლის (ქოთანზე დაჯდომის) საჭიროებას

24 თვის

დღის განმავლობაში ტუალეტი კონტროლირებულია (თუმცა სჭირდება შეხსენება); შესაძლოა იშვიათი ჩასველების ინცინდენტები

30 თვის

ბავშვი ამბობს/ატყობინებს მომვლელს, რომ ტუალეტში სურს წასვლა

34 თვის

ბავშვი დამოუკიდებლად მიდის ტუალეტში

3-4 წლის

შესაძლოა საჭიროებდეს დახმარებას ტანსაცმლის გასწორების ან შეკვრა/გახსნის დროს

4-5 წლის

ბავშვი სრულიად დამოუკიდებელია

 

1. არის თუ არა ბავშვი მზად ტუალეტის ჩვევის შემუშავებისთვის?

 

•           შარდის ბუშტის კონტროლის უნარი

 

შარდავს თუ არა ბავშვი ბევრს (გარკვეულ რაოდენობას) ერთ ჯერზე?

(და არა გამუდმებით წვეთ-წვეთად)

 

არის თუ არა ბავშვი ხშირად მშრალი რამოდენიმე საათის განმავლობაში?

 

გრჩებათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბავშვმა იცის როდის უნდა მოშარდვა?

          (ეტყობა სახის გამომეტყველებაზე, ან ჟესტებზე)

 

თუ თქვენ გაეცით სამივე კითხვას დადებითი პასუხი, ან თუნდაც პირველ ორს, მეტი ვარაუდით, ბავშვს შარდის ბუშტის საკმარისი კონტროლის უნარი აქვს და შარდვის პროცესს აცნობიერებს.

ეს უნარი შესაძლებელს ხდის ტუალეტის ჩვევის შემუშავების დაწყებას.

 

•           მზადყოფნა თანამშრომლობისთვის

 

იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად აქვს ბავშვს თანამშრომლობის უნარი, სთხოვეთ მას შემდეგი მარტივი ინსტრუქციების შესრულება:

 

დაწექი, დაჯექი, მაჩვენე შენი სხეულის ნაწილები, ჩადე სათამაშო ყუთში, მომაწოდე სათამაშო ან რაიმე საგანი, გაიმეორე რასაც მე ვაკეთებ მაგ.: დაუკარი ტაში.

 

თუ ბავშვი ყველაფერს სიამოვნებით ასრულებს, მეტი ვარაუდით, იგი გონებრივად მზად არის ტუალეტის ჩვევის შემუშავების დასაწყებად.

 

•           ფიზიკური მზადყოფნა

 

შეუძლია ბავშვს მცირე საგნების ადვილად აღება?

 

შეუძლია სიარული ან მოძრაობა საკმაოდ კარგად?

 

შეუძლია ჩაიცუცქოს ან დაჯდეს სკამზე და ამავედროს შეინარჩუნოს წონასწორობა?

 

თუ თქვენ დადბითი პასუხი გაეცით კითხვებს, მეტი ვარაუდით, ბავშვი ფიზიკურად მზად არის ტუალეტის ჩვევის შემუშავების დასაწყებად.

თუ თქვენ უარყოფითი პასუხი გაეცით კითხვებს, ტუალეტის ჩვევის შემუშავების დაწყება შესაძლებელია, მაგრამ სავარაუდოდ საჭირო გახდება ბავშვისთვის დახმარების გაწევა.      

 

ორი წლის ბავშვების უმეტესობას შეუძლიათ ამ პირობების დაკმაყოფილება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს სასურველია გადავდოთ ტუალეტის ჩვევის შემუშავება იმ დროსითვის როდესაც ბავშვი ამისთვის უფრო მზად იქნება.   

 

2. დასვით ბავშვი ქოთანზე იმ დროის მონაკვეთებში, როდესაც თქვენი აზრით მას მოშარდვა უნდა უნდოდეს

 

მანამ სანამ ჩვევის შემუშავებას დავიწყებთ, რამოდენიმე დღის მანძილზე დააკვირდით დროის რა მონაკვეთებში ისველებს ბავშვი. როგორც წესი არის დღის მონაკვეთები, როდესაც ბავშვი ისველებს, მაგალითად საუზმის შემდეგ.

 

დაიწყეთ ბავშვის ქოთანზე დასმა იმ დროის მონაკვეთებში, და სიტყვიერად წაახალისეთ, რომ მოშარდოს (იმ სიტყვით, რომელსაც თქვენ ან ბავში შარდის გამოსახატავად იყენებთ).

 

ბავშვი ქოთანზე იჯდეს მანამ სანამ არ მოშარდავს, მაგრამ არა უმეტეს 10 წუთისა.

 

თუ ბავშვმა ქოთანში მოშარდა, დაუკარით ტაში, აკოცეთ, აჩვენეთ რა ქნა და როგორ გიხარიათ მისი ეს საქციელი.

 

თუ ქოთანზე ჯდომა უშედეგოდ დასრულდა, უბრალოდ იგნორირება მოახდენეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. არავითარ შემთხვევაში არ დატუქსოთ, ან უხეშად არ მოექცეთ, რადგან ბავშვი შეიძულებს ქოთანს და ჩვევის გამომუშავება შეუძლებელი გახდება.

 

 

3. წარმატება და დაჯილდოვება   

 

ტუალეტის ჩვევის შემუშავების პროცესში – როგორც ნებისმიერი სხვა რამის სწავლებისას, ძალიან კარგი ზეგავლენა აქვს წარმატებული ქცევის დაჯილდოვებას (ვიდრე წარუმატებლობის შემთხვევაში დასჯას). როდესაც ბავშვი ქოთანში მოისაქმბს გააჯილდოვეთ იგი, მოეფერთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ ან სიტყვიერად დააჯილდოვეთ: კარგი ბიჭი/გოგო ხარ! ყოჩაღ! მე შენით ვამაყობ!

 

ასევე აუცილებელია, რომ ბავშვი შევაქოთ მაშინაც, როდესაც იგი მშრალია. ჩვევის გამომუშავებისას ხშირად შეამოწმეთ მშრალია თუ არა ბავშვი, და თუ მაშალია შეაქეთ. ასევე, ასწავლეთ ბავშვს თვითონ შეამოწმოს მშრალია თუ არა მისი შარვალი/საცვალი.

 

როდესაც ბავშვი ჩაისველებს არაფრით არ გაუჯავრდეთ. მშვიდად გამოუცვალეთ. უკიდეურეს შემთხვევაში შეგიძლიათ აღნიშნოთ: “ძალიან ცუდი! – შემდეგ ჯერზე იმედია გაგვიმართლებს”.

 

4. სიტყვიერი რჩევების ნაცვლად გამოიყენეთ “ხელი-ხელზე” ტექნიკა

თუ ბავშვს უჭირს ფიზიკური მოქმედების შერულება – მაგ. შარვლის ჩაწევა, არ შეასრულოთ ეს მოქმედება ბავშვის მაგივრად თქვენ (თუ მას ამ მოქმედების სწავლა შეუძლია). ნურც მხოლოდ სიტყვიერი რჩევებით შემოიფარგლებით. მოკიდეთ მის ხელებს თქვები ხელები და ერთად წარმართეთ მოქმედების  შესასრულებლად, რათა ბავშვმა მოქმედების შესრულება ისწავლოს.

 

5. გამოიყენთ თვალსაჩინო მაგალითი

მაგალითის ჩვენება საუკეთესო საშუალებაა სწავლებისას, განსაკუთრებით თუ მას ახლობელი ადამიანი გვაძლევს, რომელიც გვიყვარს და რომესაც სურვილი გვაქვს მივბაძოთ.

მანამ სანამ ტუალეტის ჩვევის გამომუშავებას დაიწყებთ მიეცით ბავშვს საშუალება დააკვირდეს უფროს დას/ძმას, როგორ იყენებენ ისინი ტუალეტს. აუხსენით, რომ გაიზრდება და ისიც სწორედ ასე გამოიყენებს ტუალეტს.

 

ასევე კარგი საშუალებაა ისეთი თოჯინის გამოყენება მაგალითისთვის, რომელიც “ქვეშ ისველებს”. ასეთი თოჯინის ყიდვა შეიძლება, ან თქვენი ძალებით გაკეთება (გოგრისგან: თუ გამოშიგნულ, გამომშრალ გოგრას ერთ პირის ნახვრეტს ზემოთ გაუკეთებთ და გარშემო სახის სხვა ნაწილებს დაახატავთ, ხოლო ქვემოთ ჩასველებისთვის ნახვრეტს, რომელსაც საცობით დახურავთ). მიეცით ბავშვს საშუალება თოჯინას ჯერ წყალი დაალევინოს, შემდეგ კი სთხოვეთ თოჯინას ქოთნის ხმარება ასწავლოს. გაითამაშეთ ყველა ნაბიჯი, რომელიც თქვენ ბავშვს სჭირდება ტუალეტის ჩვევის გამოსამუშავებლად. მაგალითად: ჯერ ბავშვმა აჩვენოს თოჯინას როგორ ჩაიწიოს შარვალი და დაჯდეს ქოთანზე/უნიტაზზე, შემდეგ მიეხმაროს თოჯინას იგივეს შესრულებაში. ეცადეთ, რომ გათამაშებული სიტუაცია იდენტური იყოს იმ სიტუაციისა რომელშიც ბავშვი სწავლობს ტუალეტის ჩვევას: იგივე ადგილი, იგივე ქოთანი და ა.შ.

აქციეთ ეს პროცესი თამაშად, ოღონდ ყურადღება ყოველთვის ტუალეტის ჩვევის გამომუშავებაზე გაამახვილეთ.

როდესაც თოჯინა ქოთანში “მოშარდავს”, სთხოვეთ ბავშვს მიეხმაროს თოჯინას შარვლის აწევაში, თან შეამოწმოს მშრალია თუ არა შარვალი, და თუ მშრალია, წაახალისეთ რომ თოჯინა დააჯილდოვოს (სიტყვიერად, ან საჩუქრის, ან “ნაკლეიკის” სახით).

ბავშვისთვის, რომელიც გონებრივი განვითარებით ჩამორჩება ან მეტყველების პრობლემები გააჩნია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თოჯინის არამედ ცოცხალი ადამიანის მაგალითი, რომელიც ტუალეტის სწორი მოხმარებისთვის ჯილდოვდება და ყველას ახარებს ასეთი საქციელით.

 

6. ტუალეტის მორგება ბავშვის შესაძლებლობებთან

 

ყურადღება უნდა მივაქციოთ:

-           ტანისამოსს, რომელიც ბავშვს აცვია: ახერხებს თუ არა ბავშვი შესაკრავების გახსნას, ჩაწევას, აწევას. თუ ბავშვს ამ მანიპულაციების შესრულება უჭირს, საჭიროა ამოცანის გამარტივება (მაგ.: შარვალი რეზინაზე).

-           ქოთანს/უნიტაზსს, რომლსაც ბავშვი იყენებს: ადვილი მისაწვდომი (მაგ.: სახელურები გარკვეულ ადგილებში, საკმარისი ადგილი ეტლის შესაყვანად და ა.შ). ბავშვი მყარად, წყნარად და უშიშრად უნდა იჯდეს ქოთანზე/უნიტაზზე, რათა ყურადღების კონცენტრაცია ტუალეტის ჩვევაზე მოახდინოს და შესაბამისი კუნთები ჩაერთოს მოსაქმების პროცესში. ამის მისაღწევას შესაძლებელია: ქოთანი მყარ, საზურგიან სკამში ჩაიდგას, უნიტაზის სიმაღლე საფეხურით ბავშვის ზომებს მოვურგოთ.

-           თუ ბავშვი მწოლიარეა და ვერ აჯენთ, შესაძლებელია დახრილი ტუალეტის ყუთის საშუალებით (რომელიც საწოლში გამოიყენება) ბავშვისთვის ტუალეტის ჩვევის გამომუშავება.

 

დაიმახსოვრეთ: ბავშვს ზრდასთან ერთად (როგორც ნებისმიერ ადამიანს) უჩნდება მორიდების გრძნობა ტუალეტის ჩვევასთან დაკავშირებით. უზრუნველყავით მისვის განმარტოვების შესაძლებლობა ტუალეტის მოხმარების დროს.        

 

 

ტუალეტის ჩვევის გამოსამუშავებელი ცხრილი 

დედას: ჩაწერეთ X, როდესაც ბავშვი ჩაისველებს, და * როდესაც ჩაისვრის პატარა გრაფაში, დიდ გრაფაში მიუწერეთ დღის დრო (საათი).

შეავსეთ ცხრილი ყოველი დღისთვის.

ორშაბათი           

სამშაბათი           

ოთხშაბათი   

ხუთშაბათი   

პარასკევი       

შაბათი           

კვირა